ჩვენ შესახებ


კოვიდ-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ საქართველოს საგანმანათლებლო სექტორი ისეთი სირთულეების წინაშე დააყენა, როგორიცაა გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება და მაღალი ხარისხის ციფრული რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით 2020 წელს  დაიწყო გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა CK-12-ის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების თარგმნას და ადაპტირებას. 


ჯამში, საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმიდან შეირჩა, ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა 15 სახელმძღვანელო STEM საგნების მიმართულებით. ელ-წიგნები განკუთვნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.


პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 ის შესახებwww.ck12.org

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ს უკვე 15  წლიანი ისტორია აქვს (2007 წელს დაარსდა), რომლის მიზანია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. საგანმანათლებლო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, ადაპტირებადი პრაქტიკული სავარჯიშოები და სამეცნიერო სიმულაციები, უკვე შექმნილია 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“. დღემდე, CK-12-ის რესურსებით, მსოფლიო მასშტაბით, 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480%-ით გაიზარდა.