განათლების კოალიცია საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ზე არსებული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მოქმედ მასწავლებლებს.
კონსულტანტ-მასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ 2021-2022 სასწავლო წელს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის ck-12-ის ქართულ გვერზე არსებული რესურსების პოპულარიზაცია, კერძოდ, უნდა მოახდინონ ხუთი სხვადასხვა სკოლის დაინტერესებული მასწავლებლის იდენტიფიცირება და მათი კონსულტირება CK-12-ის ქართულენოვანი რესურსების გამოყენებაზე. შერჩეულ კანდიდატებს სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ჩაუტარდებათ ონლაინ სემინარები და მიეწოდებათ ყველა საჭირო მასალა აღნიშნულის შესასრულებლად. შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალსწინებულია ჰონორარი.
2020 წელს განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით CK-12 პლატფორმაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდასაჭერად სპეციალური ქართული გვერდი შეიქმნა (www.ck12.edu.ge). პროექტის ფარგლებში VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგის და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები. პროექტი გრძელდება და მომდევნო სასწავლო წელს დაემატება გეომეტრიის, X-XI კლასის მათემატიკის და მეცნიერების სახელმძღვანელოები.
დაინტერესებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე და წარმოადგინონ პროფესიული რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: efageorgia@gmail.com. განაცხადების მიღება დასრულდება 20 ივლისს. სულ შეირჩევა 30 კონსულტანტ-მასწავლებელი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა Ck-12-ის შესახებ:
CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები მეტწილად STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები (ციფრული წიგნები, პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები). აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე ამ დროისთვის განთავსებულია 260 000-ზე მეტი სასწავლო რესურსი და მისი გამოყენებით ჯამურად 20 მილიონი სასწავლო საათი ჩატარდა.